ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან
რეზიუმე
ნაშრომი შეეხება მეტად საინტერესო პერიოდს დასავლეთ საქართველოს, კერძოდ ოდიშის სამთავროს ისტორიაში, როცა ჭკვიანი და ენერგიული მმართველის — ლევან II დადიანის (1611-1657წწ.) მოღვაწეობის ხანაში, სამთავრომ მიაღწია თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს და მოიპოვა დომინანტური მდგომარეობა სხვა დასავლეთ ქართულ პოლიტიკურ ერთეულებთან შედარებით. გაძლიერდა შიდა სტრუქტურები, განმტკიცდა მხარის თავდაცვისუნარიანობა, შეიქმნა ხელსაყრელი პირობები ეკონომიკური წინსვლისთვის, სამთავრო გახდა ცენტრი ქართული კულტურის გადარჩენა-აღორძინებისა. ძლიერი მთავარი არ სჯერდებოდა მიღწეულს და ყველანაირად ცდილობდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებასა და თავისი ძლიერი ხელისუფლებისთვის დაქვემდებარებას. წარმოდგენილ ნარკვევში შესწავლილია ოდიშის სამთავროს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები XVII ს. I ნახევარში. გაანალიზებულია მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები. ნაშრომი გარკვეულ სამსახურს გაუწევს ისტორიკოსებს, სტუდენტებსა და ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ ფართო მკითხველ საზოგადოებას.