აგიოგრაფიული ტრადიციები და სამეგრელოს ქრისტიანული რეალიები
რეზიუმე
ქართული ქრისტიანული კულტურის თვითმყოფადობისა და სპეციფიკის შესასწავლად სამეგრელო განსაკუთრებით საინტერესო სივრცეა. წიგნში თავმოყრილი და გაანალიზებულია ამ კუთხეში მოპოვებული მრავალფეროვნი მასალა, რომელშიც ცხადად არის აღბეჭდილი ქრისტიანული კულტურული იდეალები, კონცეფციები, პარადიგმები თუ სიმბოლოები. მასალა განირჩევა როგორც თემატურად, ქრონოლოგიურად, ასევე ფუნქციითაც - ესენია: სიტყვები, ცნებები, ფრაზები; პოეტური თუ სხვა ჟანრის ფოლკლორული ტექსტები, მათ შორის, ანდაზები; ანდრეზები; ლიტურგიული, ეთნოგრაფიულ-რიტუალური პრაქტიკის ამსახველი რელიქტები და მასთან დაკავშირებული ტერმინები; მიკრო და მაკრო ტოპონიმები; ხეთა, მცენარეთა, ცხოველთა და რიცხვთაN სიმბოლიკის შემცველი ლექსიკა; ყოფითი კულტურის ამსახველი ფაქტები. მოპოვებული მასალის შინაარსობრივი და სისტემური დაჯგუფების საფუძველზე წიგნი დაყოფილია ცალკეულ სტატიებად და ქვეთავებად. წინამდებარე ნაშრომში შედარებითი ანალიზის მეთოდით გამოვლენილია სამეგრელოს ქრისტიანული რეალიების აზრობრივი ანალოგიები ძველ ქართულ სასულიერო მწერლობასთან. მის სხვა ჟანრებთან ერთად, განსაკუთრებით საინტერესო და კანონზომიერია აგიოგრაფიასთან გავლებული პარალელები, რადგან აგიოგრაფია შუა საუკუნეების ქართული სასულიერო მწერლობის ძირითადი დარგია. ამ პერიოდის საქართველოში ჩამოყალიბდა გარკვეული სააზროვნო სისტემა, სამყაროს ჭვრეტის განსაკუთრებული ფორმა, ესთეტიკურ-ეთიკური შეხედულები, ფილოსოფიური აზრი, რაც ქართულ აგიოგრაფიაში ხან თეორიული მსჯელობების სახით არის გამოთქმული, ხანაც - მხატვრულად ხორცშესხმული. აგიოგრაფიაში ყველაზე ნათლად აისახა ის მსოფლხედველობა, რომელიც ქრისტიანობამ დაამკვიდრა. რადგანაც ის ყველაზე სანდო წყაროა შუა საუკუნეების აზროვნების შესასწავლად, ამიტომ სამეგრელოს ქრისტიანული რეალიების შეფასება ძირითადად აგიოგრაფიულ ლიტერატურულ ტრადიციებთან შედარების საფუძველზეა წარმართული.