დადიანები: ნაკვეთი პირველი [XI – XV სს]

Authors

ავთანდილ თორდია
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

რეზიუმე

მონოგრაფიაში „დადიანები“ შესწავლილია ერთ-ერთი უძველესი ქართული საგვარეულოს წარსული, რომელსაც ბაგრატუნიანთა [ბაგრატიონთა] შემდეგ, ვფიქრობთ, გამორჩეული ადგილი ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დადიანთა გვარის ისტორია [ახალი ფორმითა და მნიშვნელობით] საქართველოს შექმნა-გაერთიანებასთან ერთად იქმნებოდა. ამ გვარის წარმომადგენლებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ქვეყნის გაერთიანებაში  [X-XII სს] და შემდგომში, მიუხედავად მძიმე ვითარებისა [XIII-XV სს], ერთიანობის საფუძვლის შერყევისა და მოშლისა, სანამ შესაძლებელი იყო, სამშობლოს მთლიანობის იდეის ერთგულები დარჩნენ. ჩვენთვის ხელმისაწვდომ წყაროთა ანალიზმა და არსებული ლიტერატურის შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ ამ საგვარეულოს შესახებ ბევრი რამ ისტორიკოსთა კვლევის მიღმა დარჩა, თანაც იშვიათი გამონაკლისის გარდა დღემდე დიდი ქართული გვარების ისტორია მონოგრაფიულად შესწავლილი არ ყოფილა და რაც აქამდე შეითხზა დადიანებზე, საკითხის ზედაპირული და ზერელე მიდგომის გამო ხშირ შემთხვევაში შეცდომებით არის გაჯერებული. მაგ.: ზოგჯერ ამა თუ იმ საკითხის შეფასებისას უმართებულო დასკვნაა გაკეთებული, თუმცა, მაინც უნდა ითქვას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შრომა იქნა გაწეული [შ. მესხია, თ. ბერაძე, ილ. ანთელავა, აბ. ტუღუში, ლ. ახალაძე, გ. არახამია, მ. ბახტაძე....] მიუხედავად ამისა, 1. ბოლომდე ბუნდოვანი და დაურკვეველი დარჩა დადიანთა წარმომავლობის საკითხი. 2. ასევე ბურუსითაა მოცული ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს უპირველეს შემოქმედთა - ივანე მარუშის ძისა და გიორგი „ჭყონდიდელის“ საგვარეულო კუთვნილება, ამ უკანასკნელის ნათესაური კავშირი დიდ დავით აღმაშენებელთან. 3. ის, რომ შესასწავლია და სწორად შესაფასებელი ვარდან დადიანის პიროვნება და მასთან დაკავშირებით ბოლომდე ამოუხსნელი მემატიანის გაკვრით ნათქვამი ფრაზის - „ლიხთ იქით ნიკოფსიამდის უცილობლად ქონებისას“ არსი. 4. აგრეთვე ის, რომ ბოლომდე გარკვეული არ არის „დადიანის“ მნიშვნელობა - გვარია თუ ხელობა-თანამდებობა, აგრეთვე დადიან-ბედიანის რაობისადმი ზეფენობრივი მიდგომა, სხვადასხვა მოსაზრებები - არასწორი და დაუმთავრებელი. 5. დადიანთა ქრონოლოგიურ რიგში ნაკლულობა და ხარვეზები. 6. განსაკუთრებით „მიჩუმათება“ იმისა, რომ გურიელთა საგვარეულო დადიანთა განშტოებას წარმოადგენს და ხაზგასმა იმაზე, რომ დადიანები და გურიელები ვარდანისძეებისგან ჩამომავლობენ, რასაც, როგორც ვნახავთ, არავითარი რეალური საფუძველი არ ეძებნება. 7. დადიან-გურიელის ნამდვილი მნიშვნელობა. 8. გურიელის ცალკე საგვარეულოდ ჩამოყალიბების დრო და გარემოება. 9. ლიპარტიანთა საგვარეულო - სალიპარტიანო და დადიანთა „ლიპარტიანობის“  საკითხი. ნაშრომში ზოგიერთ ისეთ პრობლემას ვუთმობთ ადგილს, რომელიც, მართალია, პირდაპირ არ ეხება დადიანებს, მაგრამ მათი განხილვა და მოკვლევა მიზანშეწონილად მივიჩნიეთ იმისთვის, რომ მკითხველისათვის უფრო გასაგები გაგვეხადა ჩვენეული მოსაზრებები და დასკვნები. ამის გამო საჭიროებისამებრ მონოგრაფიაში აღმოჩნდა იმ ფეოდალურ სახლთა წარსული, რომლებიც გარკვეული კუთხით უკავშირდებიან დადიანებს. ზოგ მათგანზე [ბაღვაში, ვარდანისძე, ფალქოსისძე] ფართოდ ვმსჯელობთ, ზოგზე [მარუშიანი, აბუსერისძე, ორბელი, სურამელი, ფანასკერტელი, ჯაყელ-ციხისჯვარელი, სამძივარი, ამანელისძე-ამუნასკირი....] მეტ-ნაკლებად. აქედან გამომდინარე, მივიღეთ არაერთი სიახლე, რაც ასახულია გენეალოგიურ ტაბულებში. გამოკვლევის მრავალმხრივობიდან გამომდინარე, გამორიცხულია, რომ ნაშრომს არ ჰქონდეს ხარვეზები. მით უფრო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი ცდაა ჩვენს ისტორიოგრაფიაში მსგავს ფორმატში დადიანთა საგვარეულოს წარსულის აღდგენისა, რომელიც მრავალსაუკუნოვანია და წყაროთა სიმწირის გამო არაერთ სიძნელესთან არის კავშირში. და ბოლოს, შესაძლებელია ავტორისეული მიდგომა ამა თუ იმ საკითხზე მკითხველისათვის ერთნაირად მისაღები არ აღმოჩნდეს, თუმცა,  წიგნზე მუშაობისას ჟამს რაც გვამოძრავებდა, სიმართლის აღდგენა იყო, რადგან ვთვლით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს  - „უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი“. ყოველთვის გვახსოვდა და გვამხნევებდა დიდი ივანე ჯავახიშვილის ეს სიტყვები.

გამოქვეყნების თარიღი

დეკემბერი 11, 2022